შინაარსზე გადასვლა

იოზეფ ფერდინანდ ბავარიელი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოზეფ ფერდინანდ ბავარიელი
წოდებები
ბავარიის კრონპრინცი
დაიბადა 28 ოქტომბერი, 1692
ვენა, ავსტრია
გარდაიცვალა 6 თებერვალი, 1699, (6 წლის)
ბრიუსელი, ბელგია
საგვარეულო ვიტელსბახები
მამა მაქსიმილიან II, ბავარიის კურფიურსტი
დედა მარია ანტონია ავსტრიელი
რელიგია კათოლიციზმი

იოზეფ ფერდინანდ ბავარიელი (გერმ. Joseph Ferdinand von Bayern; დ. 28 ოქტომბერი, 1692, ვენა, ჰაბსბურგთა მონარქია — გ. 6 თებერვალი, 1699, ბრიუსელი, ესპანეთის ნიდერლანდები) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის კურფიურსტ მაქსიმილიან II ემანუელისა და ერცჰერცოგინია მარია ანტონია ავსტრიელის ვაჟი. ესპანეთისა და ბავარიის ტახტების მემკვიდრე, თუმცა ნაადრევი გარდაცვალების გამო ვერ შეძლო ვერცერთის დაკავება.

იოზეფ ფერდინანდი დაიბადა 1692 წლის 28 ოქტომბერს ჰოფბურგის სასახლეში, ვენაში. იგი იყო ბავარიის კურფიურსტ მაქსიმილიან II ემანუელისა და მისი პირველი ცოლის, ერცჰერცოგინია მარია ანტონია ავსტრიელის უფროსი ვაჟი. აღსანიშნავია, რომ დედამისი მასზე მშობიარობას გადაჰყვა, რის გამოც 1695 წელს მამამისი მეორედ დაქორწინდა პოლონეთის პრინცესა ტერეზა კუნეგუნდა სობიესკაზე. ამის გამო მას და მამამისს ავსტრიის სამეფო კარის დატოვება მოუწიათ.

ვენის შემდეგ ბავარიის სამეფო ოჯახი ბრიუსელში გადავიდა, ვინაიდან მაქსიმილიან ემანუელს ნიდერლანდების შტატჰალტერის წოდება ჰქონდა და ამ მიწების უკეთ სამართავად იქ გადასახლება გადაწყვიტა.

იმავდროულად, ესპანეთის იმპერიაში მემკვიდრის კრიზისი იყო, რამეთუ მენტალურად და ფიზიკურად დაავადებულ მეფე კარლოს II-ს შვილი არ უჩნდებოდა. ამგვარ პირობებში კარლოსის ცოლმა, დედოფალმა მარია ანა ნოიბურგელმა ქმარს შთააგონა, რომ თავის მემკვიდრედ იოზეფ ფერდინანდი გამოეცხადებინა, ვინაიდან იგი კარლოსის დის, ინფანტა მარგარიტა ტერეზა ესპანელის შვილიშვილი იყო (მარგარიტა ტერეზას ერთადერთი შვილი იყო იოზეფ ფერდინანდის დედა), რის გამოც გარკვეულწილად მას ეკუთვნოდა ტახტი. თავის დროზე ამის დიდი წინააღმდეგი იყო ესპანეთის დედა-დედოფალი მარიანა ავსტრიელი, რომელსაც უნდოდა, რომ ესპანეთი ისევ ჰაბსბურგებს დარჩენოდათ, თუმცა იგი 1696 წელს გარდაიცვალა და დედოფალ მარია ანას გავლენით კარლოსმა 1696 წლის 13 ივნისს იოზეფ ფერდინანდი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა.

თავის მხრივ მარია ანას მისი მემკვიდრედ დასახელება იმიტომ აწყობდა, რომ თავადაც ბავარიის სამეფო ოჯახის შთამომავალი და ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი იყო, რის გამოც ცდილობდა, რომ ესპანეთში თავისი გვარი გაემეფებინა. ცხადია, კარლოსის ამ ნაბიჯს არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა, განსაკუთრებით ფრანგების მხრიდან, ვინაიდან საფრანგეთის მეფე ლუი XIV კარლოსის მამიდაშვილი იყო და ასევე, ლუის ცოლად კარლოსის უფროსი და, მარია ტერეზა ჰყავდა (იოზეფ ფერდინანდის ბებია ფილიპე IV-ის უმცროსი ქალიშვილი იყო, მარია ტერეზა კი უფროსი), რაც სიტუაციას ართულებდა, ვინაიდან, კანონის თანახმად, უძეობის შემთხვევაში ქონება უფროს ქალიშვილს, ანუ მარია ტერეზას უნდა დარჩენოდა და ვინაიდან ამ დროს იგი უკვე მკვდარი იყო, ესპანეთის ტახტი მის ძეს უნდა რგებოდა.

მიუხედავად ფრანგების პროტესტისა, პრო-გერმანელმა რომის პაპმა ინოკენტი XII-მ იოზეფ ფერდინანდი ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა და დალოცა იგი, რის გამოც ლუი იძულებული გახდა დროებით გაჩერებულიყო, თუმცა სიმშვიდე დიდ ხანს არ გაგრძელებულა.

1699 წლის 6 თებერვალს 6 წლის იოზეფ ფერდინანდი ყვავილით დაიღუპა, რითაც ვიტელსბახებმა ესპანური მემკვიდრეობა დაკარგეს და თამაშს გამოეთიშნენ. მალევე, 1700 წლის ნოემბერში დაიღუპა მეფე კარლოსიც, რასაც მოჰყვა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის ფრანგ ბურბონებსა და ავსტრიელ ჰაბსბურგებს შორის, რომელიც 1714 წელს დასრულდა ბურბონების გამარჯვებითა და ტახტზე ლუი XIV-ის შვილიშვილის, ფილიპე V-ის ასვლით.

  • Ludwig Hüttl: Max Emanuel. Der Blaue Kurfürst, 1679–1726. Eine politische Biographie. 3. Auflage. Süddeutscher Verlag, München 1976, ISBN 3-7991-5863-4, S. 246.
  • Reginald de Schryver: Max II. Emanuel von Bayern und das spanische Erbe. Die europäischen Ambitionen des Hauses Wittelsbach 1665–1715. Hrsg.: Institut für Europäische Geschichte Mainz (= Veröffentlichungen des Instituts für Europäische Geschichte. Band 156). von Zabern, Mainz 1996, ISBN 3-8053-1621-6.
  • Elisabeth Weinberger: Kurprinz Joseph Ferdinand, Prinz von Asturien (1692–1699). Kinderleben im Konzert der Mächte. Hrsg.: Generaldirektion der Staatlichen Archive Bayerns (= Veröffentlichungen der Staatlichen Archive Bayerns. Band 37). Staatliche Archive Bayerns-Kleine Ausstellungen, München 2012, ISBN 978-3-938831-39-7.